Tuesday, January 24, 2012

ფერმერის ცოლი გაბოზებულა




შენ ამბობ რომ ეს ქალაქი გაბოზებული მუზებით და სქელტრაკა მოჩვენებებით პირამდეა სავსე
სამაგიეროდ
აქ ცხოვრობს გოგო, რომელიც მხოლოდ ერთ და ძალიან გაცვეთილ სიმღერას ისეთი პირველყოფილი დამაჯერებლობით მღერის, მე თვალებიდან სირცხვილად მომდის ჩვენი უსასწაულო ახალი წლები და
სხვისი სიკვდილები და დაკარგული მეგობრების ცივი სალმები.


აჰჰ, როგორი თავდაჯერებული და ცალწარბაწეული შემიძლია ვიყო
სულ ფეხხხებზე მეკიდოს სხვისი პოლიტიკური შეხედულებები და მოუვლელი ფრჩხილები
ვილაპარაკო ფერსნალ სფეისებზე და კარმაზე და ჩასახვის საწინააღმდეგო აბებზე

და მერე უცებ - მე ვზრუნავ. შენ ზრუნავ. ის ზრუნავს.
- რამდენი კოვზი შაქარი, ორი?
წკარუნით ვურევ და ფილტვები მტკივდება.

დღეებს რა უჭირს,
ნაშუაღამევს გადმომიხტებიან ხოლმე ეს ამდენი ხნის ნაგროვები მონტეგები და კაპულეტები


ხანდახან კედელთან ვდგები და საშიშ, ხმამაღალ სიტყვებს ჩქარ-ჩქარა ვამბობ, რომ არ დამავიწყდეს
რომ არ მომირჩეს და რომ არ გავქვავდე და რომ არ გავიყინო
რომ მერე, როცა გულაღმა ვწევარ და თითებს ვატკაცუნებ
შემრცხვეს და უკანასკნელი ძიშოვკა მეგონოს ჩემი საღამოობისკენ გასენტიმენტალურებული თავი.

მხოლოდ იმიტომ რომ მინდა ნაცნობ ზურგს ცხვირით ვეხებოდე
და საშიშ, ხმამაღალ სიტყვებს ვყვიროდე, მზის შუქზე, ფხიზელი და ლოყებგაყინული.

არა, შენ არ გჯერა რომ უძლურია შენი დიდი და საშინლად კითხვადი თვალები ჩემი მყრალი ირონიის წინააღმდეგ
როგორც მე მესმის ძალიან კარგად შენი ულაპარაკო, მძიმედ უშუალო აღსარებები.


დღეს? დღეს აღარ მჯერა რომ ყველაფერი როგორმე იქნება სულისშემძვრელად, კბილის კბილზე ტკივილამდე დაჭერამდე კარგად.


მე ხომ ასანთის კოლოფში დავიბადე, დედა
და ასანთის კოლოფში მოვკვდები, მამა.

1 comment:

  1. ასანთის კოლოფის სევდა გადამიყოლებს მეც

    ReplyDelete