Monday, March 31, 2014

No.



დედა ჟანგბადი მეუბნება, რომ დამნაშავედ უნდა ვიგრძნო თავი.
ბანკირი თაგვივით მოვიდე საღამოს სახლში, უხმოდ და ულამაზოდ, გაღიზიანებულმა ვუყურო როგორ გადადის ყირაზე ჩემი შეუხედავი მეზობელი
ტელევიზორში, რომლის წინაც არავის უცინია
და არავის უტირია.
მტვრიან მაგიდაზე მედოს პულტი და ნახველით სავსე ასანთების შეკვრა,
ვისუნთქო მძიმედ და პოლიტკორექტულად, სხვისი კლიმაქსიანი, გადაუხედავი შეხედულებების იმპოტენტი პატივისცემით.

ტრაკზე მაკოცეთ.

მე ვიღაცის მოვლილ, ოთხკუთხედ ეზოში ვიწექი გულაღმა და
ფეხშიშველი დავდიოდი ბაბუაწვერებში და
ამაყად, მოურიდებლად ვარწყევდი და

ყოველ საღამოს ვეწეოდი გაბრიელ გარსია მარკესს,
თავისი ბრძენი და დაუდევრად ჩერჩეტი ქალებით, ბილწი დედებით და
ჯადოსნური ბოზებით, ვარდებით, მზით და
სიკვდილით აქოთებული საცვლებით.

მე ნესტოებში დამდიოდა ყველაზე დიდებულად ბინძური ქალაქი, გვირაბებში აკივლებული მოჩვენებებით, და
ისე მგზნებარედ, ისე მოურიდებლად მეკიდეთ ფეხებზე, როგორც
თქვენ გკიდიათ ახლა ჩემი

ემოციურად დაწნული თმა,

ორიათას რვაას ორმოცდაჩვიდმეტი მილი და მისთანები.


ახლა კი ნეტავ იცოდეთ, როგორ მინდა ყველაფერი იცოდეთ.

როგორ მინდა რომ ყველაფერი იცოდეთ, აჰ, ნეტავ იცოდეთ.

როგორი დიდი რაღაცეები პატარავდება და ქრება ისეთ ვითომ მარტივად შერჩეულ სიტყვებში, როგორიცაა ჭირი და
ლხინი.

რომ საკმარისია ერთი პატარა ტკაც, და უკან ჩემ ფეხებს დავაბრუნებთ რამეს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის ეს ცუდი ან
კარგი.

რომ იყო ბიჭი, რომელმაც კედელი შემოიშენა მხოლოდ იმიტომ, რომ ენახა როდის მოიმტვრევდა სახეს მასზე აცოცებული და შუა გზიდან ჩამოხეთქებული გოგო,
რომელიც თითქოს ერთი შეხედვით
ისე რა, არაპროპორციული მხრები ჰქონდა ცოტათი

და მკერდიც თითქოს სხვადასხვა მხარეს იყურებოდა მაგრამ
იჯდა და მღეროდა,
თავისი ცუდად შეღებილი თმით და
ამბობდა და იცოდა, რომ სახის მომტვრევის შიში პირველი და მთავარი შიშია
და სულაც არ რცხვენოდა, რომ ყველას უნდოდა რომ ცოდნოდა ბიჭზე, რომელმაც კედელი შემოიშენა
და მერე მოკვდა კიდეც, თუმცა ეგ სულაც არ იყო მთავარი ამბავი.

Monday, January 21, 2013

სპილოები. ქიმია








უცნაური მომენტია, როცა აანალიზებ რომ სპილოებთან ერთად ისწავლე ცხოვრება. თითქოს მიეჩვიე, ვერც უნდა ამჩნევდე, ამდენი წელია თან დაატარებ თუ დაგატარებენ, მაგრამ ხანდახან მაინც არ შეგიძლია არ დაინახო რომ სპილო გიდგას გვერდზე როცა კბილებს იხეხავ, იატაკზე რომ ფეხმორთხმული ჯდები გვერდზე გიჯდება, შენ წიგნებში იჭყიტება, შენ ყავას ყლუპავს.

გაუაზრებელი, უჯრედულ დონეზე გაკეთებული არჩევანია არჩევანი ჰარმონიასა და სიმართლეს შორის.


სიმართლე ის მკერდში დაწყებული ჩუმი ამბოხია, შუბლს რომ გიცხელებს და საფეთქლებიდან გადმოგდის და ატომური სოკოსავით ანგრევს ყველაფერს რაც გზად შეხვდება. სიმართლე იწყებს ომებს, სიმართლე კლავს და ტკენს და თვალებში ჩაგჩხავის და ყველა სითხეს გიდუღებს ორგანიზმში , მაგრამ მხოლოდ სიმართლით მოიპოვება ის პირველყოფილი თავისუფლება, რაღაც ჯანდაბად რომ რატომღაც ყოველთვის გვინდა.

ჰარმონია ადვილად აქროლადი სუბსტანციაა, მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ გვიჯდება ძვლებში და ფილტვებში გველექება. ჰარმონია მიათრევს ბრძოლის ველიდან ზურგზე აკიდებულს გვამებს სანამ ყველას სძინავს, ჰარმონია არბილებს ბასრ კუთხეებს და პეიზაჟებს პასტელის ტონებში ღებავს. ჰარმონია თავის თავზე იღებს სიმართლის მასშივე შთანთქმის სიმძიმეს, გუდრონის  გაქვავებული ლუკმასავით ყლაპავს და ოთახის კუთხეში წვება დაღლილი, ბებერი კატასავით. ჰარმონია სიჩუმეში გამოკეტილი ქაოსია.

და მე რომ დავდივარ და ამ საშიშ, მძიმე რაღაცეებს ვფიქრობ და განვიცდი, ძალიან მიკვირს როცა მესმის როგორი ბრტყელი და სწორხაზოვანი დასკვნები მაკეთდება თავზე სწორისა და არასწორის მძაფრად ზედაპირული აღქმის საფუძველზე.

მოკლედ, ჩავიხლართე. თან ბენჯამინი ჩემი ოთახის კარშია გაკვეხებული და ცოცხალი თავით არ უშვებს კაციშვილს შიგნით.

დღეს მოთოვა. დილით სახლიდან რომ გავედი, იასამნისფერ კომბინიზონში ჩაცმული ბებო დათოვლილ გაზონზე დარბოდა თავის მინი შნაუცერთან ერთად და ჭყლოპინით მილოცავდა პირველ თოვლს. შეიძლება გაკვირვებოდა კიდეც უკან სამი დარცხვენილი სპილო რომ მომყვებოდა ატუზული, მაგრამ ბედნიერი იყო და ფეხებზე ეკიდა.

Monday, December 24, 2012

Dark flowers bloom in the autumnal garden that grows inside of me.







ერთხელ, არც ისე დიდი ხნის წინ მატარებელში წამაკიმარა და რომ გავიღვიძე, უცებ ძალიან მომინდა მყოლოდა შვილი, სახელად გლორია. მერე დავფიქრდი და გამახსენდა, რომ ბავშვები და მე ცეცხლსაშიში კომბინაციაა, რომ შვილი სოციალური ექსპერიმენტი არ არის, რომ ბავშვობაში კუ რომ მაჩუქეს კარადის თავზე დამრჩა და ბაკურიანში წავედი, პასუხისმგებლობები, სტრიები მუცელზე  და მთელი ამბები.


ერთი კვირის წინ ქიმიური გულახდილობის საღამო გვქონდა, მე წითელ შალში ვიყავი გახვეული და პროზაულად აღვწერდი ვაშლის ხეებს შორის გაბმულ ჰამაკებს, ციცინათელებს ასანთის კოლოფებში და ჩიტისჭიკჭიკა დილებს ჩემი ბავშვობიდან. შარლოტა გადიდებული გუგებით მიყურებდა და უცებ მითხრა, რომ არაჩვეულებრივი დედა გამოვიდოდა ჩემგან. არაჩვეულებრივზე რა გითხრათ, მაგრამ ძალიან ცხადად წარმოვიდგინე როგორ მშვიდად, დედურად ბედნიერს გამხდიდა დილაობით ადრე ადგომა და მაჭკატების გამოცხობა. თეთრი წინდები და შავი ბალთიანი ფეხსაცმელი ლოგინთან, ბრუტალური მეზღაპრე ძმები, პუშკინი და გლორია, ჩემი შვილი, უცნაურად ჭკვიანურ კითხვებს რომ დამისვამდა და მეც რომ გულწრფელად, მთელი სერიოზულობით ავუხსნიდი ფუნდამენტურ სისულელეებს. დღეს საშობაო საგიჟეთის ბოლო დღე იყო, 12 წლის გოგოები ქუსლიან ფეხსაცმელებზე დაკაკუნობდნენ და ზედაც არ უყურებდნენ რბილი შალის ნაქსოვ პულოვერებს, მე რომ სუნთქვა მეკვრება მათი ჩაცმა-გახდისას. მოკლედ, გავბრაზდი და ისევ გადავიფიქრე გლორიას მატერიალიზება.

მოკლედ, ამაზე მერე, ოდესმე.

ცოტათი მაშინებს ჩემი მშვიდი და დაღლილად თითქმისბედნიერი თავი. აი გუშინაც, იმ ბიჭმა მე რომ ძალიანაც მაღელვებს თავისი მგრძნობიარე თითებით და ფართო მხრებით უცერემონიოდ რომ გამომიცხადა, რომ გამოსაზამთრებლად თბილ ქვეყნებში უნდა წაბრძანდეს, იმის მაგივრად რომ სახე მომნჯღრეოდა და ცრემლები საყლაპავთან გამეკავებინა, მშვიდად გავუღიმე და ჩაი შევთავაზე.

ჩაიმ გაამართლა. სამაგიეროდ ავტობუსით მგზავრობისას თბილად ჩაცმული ცხენების ჯოგი დავინახე ფანჯრიდან და წარმოვიდგინე როგორ გულმოდგინედ აცმევდა ვიღაც თითოეულ მათგანს, თან ალბათ ეუბნებოდა კიდეც რამეს მოფერებით, თავისი ჭკუით ცხენურ ენაზე და გული ამიჩუყდა.

ამ კვირაში უკვე სამმა გუნდმა გვიმღერა საშობაო საგალობლები.
აქ ორი ტიპის ხალხია. ან გიჟდებიან შობაზე და ნაძვის ხეების მორთვას და საჩუქრების არჩევა-ყიდვა-ფუთვა-განხილვას გვიანი ნოემბრიდან იწყებენ, ან  დამპალ კონსუმერისტს ეძახიან ყველას, ვისაც სადღესასწაულო შოკოლადებით ხელში ხედავენ.
ამ დროს, რომ დაფიქრდე, არაფერიც არ არის ცუდი იმაში, რომ ადამიანები ყოველ წელს რიტუალურად აძლევენ თავს უფლებას აკეთონ სასიამოვნო სისულელეები, საცივი იქნება თუ ბრჭყვიალა ბარათების გაცვლა-გამოცვლა.
მე 30 დეკემბერს აქაურ მშვიდ და პატარა სასაფლაოზე გავალ და რომელიმე ებიგეილის ან სერ ედვარდის საფლავზე პატარა თაიგულს მივიტან იმის აღსანიშნავად, რომ მე ორი წლის წინ ჯერ კიდევ მყავდა ყველაზე კარგი ბაბუა, რომელსაც ყოველ დილით სკოლაში დავყავდი თავისი ბრაზიანი წითელი მანქანით და მეხვეწებოდა, კომპიუტერი მასწავლე ბაბუ, რა იქნებაო, მე კი ზარმაცმა და უნამუსომ, არაფერიც არ ვასწავლე.

ბედნიერ შობა-ახალ წლებს გისურვებთ, ადამიანებო.

Tuesday, December 11, 2012

Здесь, меж вами: домами, деньгами, дымами.

ჰოი ჩემო უპატრონო სენტიმენტებო, როგორ დამღალეთ.

უკვე აღარ ვიცი რა ვუშველო თავს. სად გადავიხვეწო ან ვის შევჩივლო, რომ ძილის წინ ყელში არ გამეკვეხოს ეული ლეკვები და გუშინწინდელი უყურადღებობები.

არა, ეს არ არის ჩემი უკანასკნელი ნავსაყუდელი.

ვერაფრით დავარქვი აქაურობას სახლი.





აქაური ამინდი იმ ძალიან ლამაზ, კულულებიან და ამაზრზენად უსაქციელო ბავშვს გავს, კვირაში შვიდი დღიდან ექვსი რომ მთელი არსებით გინდა ფანჯრიდან მოისროლო.
ისე გამაღიზიანებლად და თითქოს პირადად შენ ჯინზე გექცევა ცა თავზე, რომ გგონია აღარასოდეს გადაიღებს, დილაობით ნაბიჯებს ითვლი აბაზანამდე და სიცივისგან ძუძუსთავები გტკივა.
და ერთ მშვენიერ დილას ღრმად რომ ჩაისუნთქავს და მთელ თავის ნოტიო სიმწვანეებს გაუფილტრავად შემოგაფეთებს, ლოყებს გაგითბობს და თმას გაგაშლევინებს და მზეში შიშველს გაგაზმორებს ღია ფანჯრის წინ,

მაშინაც კი, სრული სიცხადით, კანის თითოეული ბუსუს-ფრაგმენტით, უკანმოუხედავად უცხო ხარ.


და ის რომ მთვრალს და შორიდან, რამდენიმე ადამიანს ჰგონია რომ ჩემს ამჟამინდელ ყოფაში ბევრი ახალი და უცხო, ფერადი ნაცნობ-ტაბლეტ-მსოფლმხედელობა ჩქეფს და გადმოჩქეფს, და რომ ჩიტებს და პეპლებს ოდებს უნდა ვუძღვნიდე დილაობით ავტობუსზე ღიღინით შემხტარი, ჩემ ხავსისფერ სინამდვილეს მხოლოდ ამძიმებს.

მე მოვითხოვ თქვენგან, გიყვარდეთ მაგრად და ხშირად და ნეკნების მტვრევა-ტკაცუნით,

ბევრი ჟესტებით და მიმიკებით მოითხოვდეთ დავბრუნდე მალე და ჩქარა და სამუდამოდ, რომ აღარასოდეს აღარ გამიშვათ ასე შორს და რომ

მთავარია ხელები ჩავკიდოთ და მოთქმით ვიტიროთ ერთმანეთი და უერთმანეთობა დიდი და მსუყე ცრემლებით,

და რომ მე, დაფეთებულს და ტუჩებგაფითრებულს, რიგ-რიგობით მაღვიძებდეთ
და უფრო და უფრო დამაჯერებლად მატყუებდეთ, რომ ყველაფერი იქნება


კარგად.


Saturday, November 10, 2012

Our time and our place, dear.


მე თვეზე მეტია ინგლისის პატარა, არაბუნებრივად მწვანე ქალაქში ვცხოვრობ.
რომ ვიღვიძებ ფანჯრიდან წითელქუდიან გნომს და მეზობლის მოვლილ გაზონს ვხედავ. და მეტირება.

აქაურებს ძალიან მშვიდი და მკვეთრი აქცენტი აქვთ და ის ამაყი გაუგებრობა, ინგლისელებს რომ დღემდე თავზარს სცემს.
აქაურებს ლამაზი და ბნელი ლეგენდები აქვთ მეკობრეებზე, სირინოზებზე და ქვაზე მიბმულ წმინდა ფირანზე.
ავტობუსის გაჩერებებზე პატარა, თბილად ჩაცმული ბებოები კატებზე და ფაიფურის ჭიქებზე ლაპარაკობენ.

მე ვსწავლობ, მე ვცხოვრობ.
დავდივარ ორსართულიანი ავტობუსებით, ვსვამ ადგილობრივი წარმოების ნახევრად ცხიმგაცლილ რძეს.
კუთხის მაღაზიიდან ისე დაუდევრად მომაქვს ხოლმე ერთი თხლად დაჭრილი, რუხი პური რომ
მეტირება.

ჩემი სახლისკენ ვიწრო, დაგრეხილი ქუჩა მოიკლაკნება და მარჯვენა მხარეს თუ გაიხედავ, იალქნიანი ნავებით სავსე პატარა პორტს დაინახავ.
თოლიები ექსტერიერის ნაწილია აქ.
შაბათობით მთვრალი რომ მოვდივარ ხოლმე სახლში, ჰორიზონტალურად რომ წვიმს და ვიღაცის მხარს რომ ვებღაუჭები, შორისდებულები და ინტონაციები რომ მიქართულდება
მეტირება.

მე ყველაფერი მაქვს რაც მინდოდა.
ლურჯი ბოტები, ნაცრისფერი ქოლგა და მელანქოლიკი, დიდთვალა ფრთხილად მეგობარი. ნაქსოვი სვიტერების მთელი არმია და სრული თავისუფლების შეგრძნება ჩემი ბეჟი ოთახის იატაკზე, ძილის წინ.


დავდივარ ხრაშუნა ფოთლებში და ვაცნობიერებ, რომ ძალიან გამიმართლა.
მე უნდა ვისწავლო, კარგად და გულმოდგინედ, რომ ზაფხულში ჩემი თავი და ჩემი იდეები რომელიმე დიდ სარეკლამო კომპანიას ბევრ ფუნტებად მივყიდ-მივაქირაო.
მე ზაფხულში დიდ და ხმაურიან ლონდონში უნდა გადავბარგდე.

აქაურებს არ უყვართ დედაქალაქი, მისი მასშტაბების ფონზე თავიანთი დიდებულების შეგრძნება ეკარგებათ, ამიტომ აქაურ სტაფილოიან ღვეზელებს იქ ემიგრანტები აცხობენ.
ლონდონმა მე კარგად მიმიღო. რვა დღის მანძილზე მხოლოდ ერთხელ გამლუმპა და მეტროშიც ერთხელაც არ დავუკარგივარ.
სამაგიეროდ, ვაითჩეფელს რომ ვუახლოვდებოდით, ციმციმა მატარებლით, ზემოთ ვიყურებოდი და ცრემლები ყურებში ჩამდიოდა.

ფარდობითობის თეორია გადამიყოლებს მე.
და დედა, რომელიც თბილისიდან მექოთქოთება თბილად ჩავიცვა და გერკულესი ვჭამო.

და შენ, რომ არ ჩამოხვალ ჩემთან და
არ დამვარცხნი თმას.


მაგრამ ეგ სულ სხვა ამბავია.

Monday, April 16, 2012

Ontological Inscape, Trickery and Love.



დადექი სკამზე და ხმამაღლა, გამოთქმით - ჩვენ არაფერში გავცვლიდით ჩვენს რიტუალურ სისულელეებს.

ამასობაში კი

დიდი ცვლილებების წინ სულ ეს გაუგებარი ეიფორია დამიწანწალებს ხოლმე მუცელში, პრიორიტეტებიც წინ და უკან დაყიალობენ და მგონია რომ გავსკდები, იმ კურდღელივით ბავშვობაში მეხუთე სართულიდან რომ გადამივარდა. უცხო ქალაქში, სრულიად მარტო და დაბნეული, დიდი თვალებით და ჯერ დაუმუღამებელი ვალუტის კურსით თუ დარჩენილხართ, როცა გამვლელების ღიმილები ტირილამდე გიხარია - დაახლოებით ეგ შეგრძნებაა.


და მერე არის ერთი მომენტი, ძალიან მოკლე, სულ რამდენიმე წამიანი, აი, რომ დაჯდები ხის გრძელ, შესაღებ სკამზე, თავს უკან წევ და თვალებს ხუჭავ, მოკლე ფრჩხილებზე ლურჯი ლაქი გისვია, და ბედნიერი ხარ ეს ოხერი. ჭირსაც წაუღია გარშემომყოფების ძალად ტრაგიზმი და შენი სენტიმენტალური პახმელიები. უცებ მძიმედ და მართლა რომ გრძნობ რომ ის შენი გმირი, ამდენი ხანი რომ არ მოსულა და რომ გეგონა რომ გადაიფიქრა, თავის დიდი და თბილი ხელებით ახლა რაღაც ძალიან უმნიშვნელოს აკეთებს მაგრამ ჯანდაბა, როგორ არსებობს?! იმდენად რომ სუნთქვა გეკვრება და სულაც აღარ გრცხვენია, რომ ბებრულად, ბალახზე ჯდომა და სამეცნიერო ფანტასტიკის კითხვა ამჯობინე სიგარეტით გაბუღულ ზავიძენიებს. და ისეთი შემაძრწუნებელი ყოველდღიურობებიც, სასტუმრო აჭარასთან მანქანის მოტრიალების არ იყოს, რეალურად სულაც არაა ისეთი საშიში შენ რომ გეგონა. არაფერია, თუ ხანდახან იხრჩობი და ველად გაჭრა და ყირაზე გადასვლა გადაგარჩენს მხოლოდ, ხანდახან კი კანზე ნემსით და ძაფით გინდა მიიკერო ყველა და ყველაფერი რაც ცოტათ მაინც გეძვირფასება. როგორღაც ქრებიან ჩუმი პროტესტები და გაუგებარი ამბოხები და თითქოს დახუჭულ თვალზე ცერა თითით ძალიან ნაზად გეხება ვიღაც - ყველაფერი მართლა გამოგვივა.

ყველაფერი ნამდვილი ხომ ყოველთვის უთოსავით გვეცემა თავში.

Wednesday, February 15, 2012

I shut my eyes and all the world drops dead.


-შემაჯანჯღარე.
-ბატონო?

ერთი, ორი... არა, არ ვიცი მაგდენი თვლა.
ვკითხულობ და ვივსები და დავდივარ და ვეძებ და მერე უცებ ბრახ - ოთახის კუთხეში დაჩუტული ვგდივარ.
პატარა დეტალები. პატარა დეტალები. პატარა დეტალები.
სოციუმის აზრით შემდგარი ადამიანების მორალური წიაღსვლები და ჩემი ახლა უკვე სამყაროსთვისაც კი გამაღიზიანებელი სიმშვიდე.

უნდა გავბრაზდე. უნდა აღვშფოთდე და ავკივლდე, ისე რომ ყელი ჩამეჩხაპნოს, წნევა ამივარდეს და გული წამივიდეს, ხელებაკანკალებულმა და ტუჩებგათეთრებულმა ვსვა ვალერიანები და თეფშების და ტელეფონების ნამსხვრევები ვგავო, სანამ ნიკაპი არ მომეღრიცება და კედელს მიყუდებული 1-2 ცრემლს არ გადმოვაგდებ ეპილოგად. ვუალა. პერფორმანსი შედგა.

ვზივარ და ვიღიმი.

ჩემი დაწიწკნილი ნერვები, დასავარცხნი თმა და აგვისტოში ამძვრალი კანები, თითების ტკაცუნი და ტონალური კრემი, გმირები და არამზადები და ვითომ მეგობრული დედუცი გოგოები თავზე მაყრია.

სამზარეულოში გუშინდელი ალადების სუნია, მე გული მიჩუყდება.

ფანჯარასთან დგომაც, როცა შიშველი ხარ და მუცელზე გცივა დიდი ვერაფერი გამოსავალია.

Tuesday, January 24, 2012

ფერმერის ცოლი გაბოზებულა




შენ ამბობ რომ ეს ქალაქი გაბოზებული მუზებით და სქელტრაკა მოჩვენებებით პირამდეა სავსე
სამაგიეროდ
აქ ცხოვრობს გოგო, რომელიც მხოლოდ ერთ და ძალიან გაცვეთილ სიმღერას ისეთი პირველყოფილი დამაჯერებლობით მღერის, მე თვალებიდან სირცხვილად მომდის ჩვენი უსასწაულო ახალი წლები და
სხვისი სიკვდილები და დაკარგული მეგობრების ცივი სალმები.


აჰჰ, როგორი თავდაჯერებული და ცალწარბაწეული შემიძლია ვიყო
სულ ფეხხხებზე მეკიდოს სხვისი პოლიტიკური შეხედულებები და მოუვლელი ფრჩხილები
ვილაპარაკო ფერსნალ სფეისებზე და კარმაზე და ჩასახვის საწინააღმდეგო აბებზე

და მერე უცებ - მე ვზრუნავ. შენ ზრუნავ. ის ზრუნავს.
- რამდენი კოვზი შაქარი, ორი?
წკარუნით ვურევ და ფილტვები მტკივდება.

დღეებს რა უჭირს,
ნაშუაღამევს გადმომიხტებიან ხოლმე ეს ამდენი ხნის ნაგროვები მონტეგები და კაპულეტები


ხანდახან კედელთან ვდგები და საშიშ, ხმამაღალ სიტყვებს ჩქარ-ჩქარა ვამბობ, რომ არ დამავიწყდეს
რომ არ მომირჩეს და რომ არ გავქვავდე და რომ არ გავიყინო
რომ მერე, როცა გულაღმა ვწევარ და თითებს ვატკაცუნებ
შემრცხვეს და უკანასკნელი ძიშოვკა მეგონოს ჩემი საღამოობისკენ გასენტიმენტალურებული თავი.

მხოლოდ იმიტომ რომ მინდა ნაცნობ ზურგს ცხვირით ვეხებოდე
და საშიშ, ხმამაღალ სიტყვებს ვყვიროდე, მზის შუქზე, ფხიზელი და ლოყებგაყინული.

არა, შენ არ გჯერა რომ უძლურია შენი დიდი და საშინლად კითხვადი თვალები ჩემი მყრალი ირონიის წინააღმდეგ
როგორც მე მესმის ძალიან კარგად შენი ულაპარაკო, მძიმედ უშუალო აღსარებები.


დღეს? დღეს აღარ მჯერა რომ ყველაფერი როგორმე იქნება სულისშემძვრელად, კბილის კბილზე ტკივილამდე დაჭერამდე კარგად.


მე ხომ ასანთის კოლოფში დავიბადე, დედა
და ასანთის კოლოფში მოვკვდები, მამა.