Tuesday, April 26, 2011

Chokin' butterflies.


მზეა და სრული სიცხადით ვგრძნობ როგორი დაჟინებით მეჭორფლება ცხვირი. ვდგავარ ძველ, ქვაფენილიან მოედანზე, ორივე ხელისგული საკენკით მაქვს სავსე. მტრედები მხრებზე მასხდებიან, ჩანთაში ვაშლის ორბიტი მეგულება.

ეს მოგონება არ არის, ერთგვარი ვიზუალიზაციაა, რომელიც სიტყვა ბედნიერებას ახლდა თან და მუცელში თბილი ცვილივით მეწვეთებოდა. ეტყობა ეს ძალიან ადრე იყო, რადგან ახლა რომ წარმოვიდგინე საკუთარი თავი მილიონი მტრედის კამპანიაში, ბედნიერება კი არა, მტრედების შესაძლო სიბინძურე ვიგრძენი მხოლოდ და გამახსენდა, რომ რომელიღაც ქვეყანაში ამ ფრინველებს მფრინავ ვირთხებსაც კი ეძახიან.

სინამდვილეში ხომ არაფერიც არ იცვლება აღქმების გარდა.
მე კი გრძნობითი რეცეპტორები გამიქვავდა.

ოცნება ხომ სრულებითაც არ არის კონსტანტა. ოცნებებს მხოლოდ მოცემულ მომენტში აქვთ გემო, პურის დაბრაწული ყუასავით და მე მეშინია ერთ დღესაც არ გავიღვიძო და აღმოვაჩინო რომ მყუდრო და ფანჯარასთანსავარძლიანი სახლი მხოლოდ ოთხი კედელია მტვრიანი კუთხეებით, რომ ჩემი მბზინვარე და მხტუნავი თმა მხოლოდ მკვდარ ქსოვილთა ერთიანობაა, რომ ყველაფერი რაც ოდესმე დამანგრეველი სიცხადით განმიცდია მხოლოდ ჰიპოფიზის მაიმუნობაა, რომ მუსიკა რომელიც ჯიბით დამაქვს სინამდვილეში განავალნარევი კიჩია, რომ მე წარმართი ღმერთების შვილობილი კი არა, უბრალოდ ნაბიჭვარი ვარ.

შენს გულგრილობაზე, ჩემს გაგიჟებაზე, ცვლილებებზე მეტად მეშინია.

დრო კი დამპალი, ბებერი ძუკნაა ქიშმიშივით კანით და ნიკოტინიანი ხველებით.

შეგიძლია გამოხვიდე ბენჯამინ, მე უკვე ათასამდე დავითვალე.

1 comment:

  1. ჰიპოფიზის მაიმუნობა :) ასოციაცია ბედნიერებაზე... მომწონს, კარგი ხარ!

    ReplyDelete