Monday, January 21, 2013

სპილოები. ქიმია








უცნაური მომენტია, როცა აანალიზებ რომ სპილოებთან ერთად ისწავლე ცხოვრება. თითქოს მიეჩვიე, ვერც უნდა ამჩნევდე, ამდენი წელია თან დაატარებ თუ დაგატარებენ, მაგრამ ხანდახან მაინც არ შეგიძლია არ დაინახო რომ სპილო გიდგას გვერდზე როცა კბილებს იხეხავ, იატაკზე რომ ფეხმორთხმული ჯდები გვერდზე გიჯდება, შენ წიგნებში იჭყიტება, შენ ყავას ყლუპავს.

გაუაზრებელი, უჯრედულ დონეზე გაკეთებული არჩევანია არჩევანი ჰარმონიასა და სიმართლეს შორის.


სიმართლე ის მკერდში დაწყებული ჩუმი ამბოხია, შუბლს რომ გიცხელებს და საფეთქლებიდან გადმოგდის და ატომური სოკოსავით ანგრევს ყველაფერს რაც გზად შეხვდება. სიმართლე იწყებს ომებს, სიმართლე კლავს და ტკენს და თვალებში ჩაგჩხავის და ყველა სითხეს გიდუღებს ორგანიზმში , მაგრამ მხოლოდ სიმართლით მოიპოვება ის პირველყოფილი თავისუფლება, რაღაც ჯანდაბად რომ რატომღაც ყოველთვის გვინდა.

ჰარმონია ადვილად აქროლადი სუბსტანციაა, მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ გვიჯდება ძვლებში და ფილტვებში გველექება. ჰარმონია მიათრევს ბრძოლის ველიდან ზურგზე აკიდებულს გვამებს სანამ ყველას სძინავს, ჰარმონია არბილებს ბასრ კუთხეებს და პეიზაჟებს პასტელის ტონებში ღებავს. ჰარმონია თავის თავზე იღებს სიმართლის მასშივე შთანთქმის სიმძიმეს, გუდრონის  გაქვავებული ლუკმასავით ყლაპავს და ოთახის კუთხეში წვება დაღლილი, ბებერი კატასავით. ჰარმონია სიჩუმეში გამოკეტილი ქაოსია.

და მე რომ დავდივარ და ამ საშიშ, მძიმე რაღაცეებს ვფიქრობ და განვიცდი, ძალიან მიკვირს როცა მესმის როგორი ბრტყელი და სწორხაზოვანი დასკვნები მაკეთდება თავზე სწორისა და არასწორის მძაფრად ზედაპირული აღქმის საფუძველზე.

მოკლედ, ჩავიხლართე. თან ბენჯამინი ჩემი ოთახის კარშია გაკვეხებული და ცოცხალი თავით არ უშვებს კაციშვილს შიგნით.

დღეს მოთოვა. დილით სახლიდან რომ გავედი, იასამნისფერ კომბინიზონში ჩაცმული ბებო დათოვლილ გაზონზე დარბოდა თავის მინი შნაუცერთან ერთად და ჭყლოპინით მილოცავდა პირველ თოვლს. შეიძლება გაკვირვებოდა კიდეც უკან სამი დარცხვენილი სპილო რომ მომყვებოდა ატუზული, მაგრამ ბედნიერი იყო და ფეხებზე ეკიდა.

7 comments:

  1. სულაც შეიძლება ძია ტიკ-ტაკი და სააბაზანოში გაჭედილი ვეფხვი.
    ან შნაუცერი რითია ნაკლები იმ ქალს რო მოსდევდა :დ

    ReplyDelete
    Replies
    1. მეც მაგას ვეუბნები ჩემ თავს :დ

      Delete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  3. როგორ გიპოვნო ანნ :)

    ReplyDelete
    Replies
    1. This comment has been removed by the author.

      Delete
  4. ენ.. ყოველდღე, ზოგჯერ დღეში რამდენიმეჯერ ვამოწმებ შენს ბლოგს.. ,,იქნებ,დაწერა რამე ახალი", ,,იქნებ,აღარ იყოს ბოლო პოსტი,,სპილოები.ქიმია".." და ა.შ.

    ენ?!

    ReplyDelete
  5. რატომ აღარ წერ?? :/ :/ :/

    ReplyDelete