Monday, December 24, 2012

Dark flowers bloom in the autumnal garden that grows inside of me.







ერთხელ, არც ისე დიდი ხნის წინ მატარებელში წამაკიმარა და რომ გავიღვიძე, უცებ ძალიან მომინდა მყოლოდა შვილი, სახელად გლორია. მერე დავფიქრდი და გამახსენდა, რომ ბავშვები და მე ცეცხლსაშიში კომბინაციაა, რომ შვილი სოციალური ექსპერიმენტი არ არის, რომ ბავშვობაში კუ რომ მაჩუქეს კარადის თავზე დამრჩა და ბაკურიანში წავედი, პასუხისმგებლობები, სტრიები მუცელზე  და მთელი ამბები.


ერთი კვირის წინ ქიმიური გულახდილობის საღამო გვქონდა, მე წითელ შალში ვიყავი გახვეული და პროზაულად აღვწერდი ვაშლის ხეებს შორის გაბმულ ჰამაკებს, ციცინათელებს ასანთის კოლოფებში და ჩიტისჭიკჭიკა დილებს ჩემი ბავშვობიდან. შარლოტა გადიდებული გუგებით მიყურებდა და უცებ მითხრა, რომ არაჩვეულებრივი დედა გამოვიდოდა ჩემგან. არაჩვეულებრივზე რა გითხრათ, მაგრამ ძალიან ცხადად წარმოვიდგინე როგორ მშვიდად, დედურად ბედნიერს გამხდიდა დილაობით ადრე ადგომა და მაჭკატების გამოცხობა. თეთრი წინდები და შავი ბალთიანი ფეხსაცმელი ლოგინთან, ბრუტალური მეზღაპრე ძმები, პუშკინი და გლორია, ჩემი შვილი, უცნაურად ჭკვიანურ კითხვებს რომ დამისვამდა და მეც რომ გულწრფელად, მთელი სერიოზულობით ავუხსნიდი ფუნდამენტურ სისულელეებს. დღეს საშობაო საგიჟეთის ბოლო დღე იყო, 12 წლის გოგოები ქუსლიან ფეხსაცმელებზე დაკაკუნობდნენ და ზედაც არ უყურებდნენ რბილი შალის ნაქსოვ პულოვერებს, მე რომ სუნთქვა მეკვრება მათი ჩაცმა-გახდისას. მოკლედ, გავბრაზდი და ისევ გადავიფიქრე გლორიას მატერიალიზება.

მოკლედ, ამაზე მერე, ოდესმე.

ცოტათი მაშინებს ჩემი მშვიდი და დაღლილად თითქმისბედნიერი თავი. აი გუშინაც, იმ ბიჭმა მე რომ ძალიანაც მაღელვებს თავისი მგრძნობიარე თითებით და ფართო მხრებით უცერემონიოდ რომ გამომიცხადა, რომ გამოსაზამთრებლად თბილ ქვეყნებში უნდა წაბრძანდეს, იმის მაგივრად რომ სახე მომნჯღრეოდა და ცრემლები საყლაპავთან გამეკავებინა, მშვიდად გავუღიმე და ჩაი შევთავაზე.

ჩაიმ გაამართლა. სამაგიეროდ ავტობუსით მგზავრობისას თბილად ჩაცმული ცხენების ჯოგი დავინახე ფანჯრიდან და წარმოვიდგინე როგორ გულმოდგინედ აცმევდა ვიღაც თითოეულ მათგანს, თან ალბათ ეუბნებოდა კიდეც რამეს მოფერებით, თავისი ჭკუით ცხენურ ენაზე და გული ამიჩუყდა.

ამ კვირაში უკვე სამმა გუნდმა გვიმღერა საშობაო საგალობლები.
აქ ორი ტიპის ხალხია. ან გიჟდებიან შობაზე და ნაძვის ხეების მორთვას და საჩუქრების არჩევა-ყიდვა-ფუთვა-განხილვას გვიანი ნოემბრიდან იწყებენ, ან  დამპალ კონსუმერისტს ეძახიან ყველას, ვისაც სადღესასწაულო შოკოლადებით ხელში ხედავენ.
ამ დროს, რომ დაფიქრდე, არაფერიც არ არის ცუდი იმაში, რომ ადამიანები ყოველ წელს რიტუალურად აძლევენ თავს უფლებას აკეთონ სასიამოვნო სისულელეები, საცივი იქნება თუ ბრჭყვიალა ბარათების გაცვლა-გამოცვლა.
მე 30 დეკემბერს აქაურ მშვიდ და პატარა სასაფლაოზე გავალ და რომელიმე ებიგეილის ან სერ ედვარდის საფლავზე პატარა თაიგულს მივიტან იმის აღსანიშნავად, რომ მე ორი წლის წინ ჯერ კიდევ მყავდა ყველაზე კარგი ბაბუა, რომელსაც ყოველ დილით სკოლაში დავყავდი თავისი ბრაზიანი წითელი მანქანით და მეხვეწებოდა, კომპიუტერი მასწავლე ბაბუ, რა იქნებაო, მე კი ზარმაცმა და უნამუსომ, არაფერიც არ ვასწავლე.

ბედნიერ შობა-ახალ წლებს გისურვებთ, ადამიანებო.

2 comments:

  1. მაიკ ლი, მაიკ ლი, მაიკ ლი!

    შვილებზე კიდე. ეჰ. რო გეყოლება მერე თვალი თვალში გავუყაროთ ერთმანეთს, სტრიები მუცელზე დავივიწყოთ და ხელში ციცინატელებიანი ასანთის კოლოფებით ვილაპარაკოთ.

    ReplyDelete