Saturday, November 10, 2012

Our time and our place, dear.


მე თვეზე მეტია ინგლისის პატარა, არაბუნებრივად მწვანე ქალაქში ვცხოვრობ.
რომ ვიღვიძებ ფანჯრიდან წითელქუდიან გნომს და მეზობლის მოვლილ გაზონს ვხედავ. და მეტირება.

აქაურებს ძალიან მშვიდი და მკვეთრი აქცენტი აქვთ და ის ამაყი გაუგებრობა, ინგლისელებს რომ დღემდე თავზარს სცემს.
აქაურებს ლამაზი და ბნელი ლეგენდები აქვთ მეკობრეებზე, სირინოზებზე და ქვაზე მიბმულ წმინდა ფირანზე.
ავტობუსის გაჩერებებზე პატარა, თბილად ჩაცმული ბებოები კატებზე და ფაიფურის ჭიქებზე ლაპარაკობენ.

მე ვსწავლობ, მე ვცხოვრობ.
დავდივარ ორსართულიანი ავტობუსებით, ვსვამ ადგილობრივი წარმოების ნახევრად ცხიმგაცლილ რძეს.
კუთხის მაღაზიიდან ისე დაუდევრად მომაქვს ხოლმე ერთი თხლად დაჭრილი, რუხი პური რომ
მეტირება.

ჩემი სახლისკენ ვიწრო, დაგრეხილი ქუჩა მოიკლაკნება და მარჯვენა მხარეს თუ გაიხედავ, იალქნიანი ნავებით სავსე პატარა პორტს დაინახავ.
თოლიები ექსტერიერის ნაწილია აქ.
შაბათობით მთვრალი რომ მოვდივარ ხოლმე სახლში, ჰორიზონტალურად რომ წვიმს და ვიღაცის მხარს რომ ვებღაუჭები, შორისდებულები და ინტონაციები რომ მიქართულდება
მეტირება.

მე ყველაფერი მაქვს რაც მინდოდა.
ლურჯი ბოტები, ნაცრისფერი ქოლგა და მელანქოლიკი, დიდთვალა ფრთხილად მეგობარი. ნაქსოვი სვიტერების მთელი არმია და სრული თავისუფლების შეგრძნება ჩემი ბეჟი ოთახის იატაკზე, ძილის წინ.


დავდივარ ხრაშუნა ფოთლებში და ვაცნობიერებ, რომ ძალიან გამიმართლა.
მე უნდა ვისწავლო, კარგად და გულმოდგინედ, რომ ზაფხულში ჩემი თავი და ჩემი იდეები რომელიმე დიდ სარეკლამო კომპანიას ბევრ ფუნტებად მივყიდ-მივაქირაო.
მე ზაფხულში დიდ და ხმაურიან ლონდონში უნდა გადავბარგდე.

აქაურებს არ უყვართ დედაქალაქი, მისი მასშტაბების ფონზე თავიანთი დიდებულების შეგრძნება ეკარგებათ, ამიტომ აქაურ სტაფილოიან ღვეზელებს იქ ემიგრანტები აცხობენ.
ლონდონმა მე კარგად მიმიღო. რვა დღის მანძილზე მხოლოდ ერთხელ გამლუმპა და მეტროშიც ერთხელაც არ დავუკარგივარ.
სამაგიეროდ, ვაითჩეფელს რომ ვუახლოვდებოდით, ციმციმა მატარებლით, ზემოთ ვიყურებოდი და ცრემლები ყურებში ჩამდიოდა.

ფარდობითობის თეორია გადამიყოლებს მე.
და დედა, რომელიც თბილისიდან მექოთქოთება თბილად ჩავიცვა და გერკულესი ვჭამო.

და შენ, რომ არ ჩამოხვალ ჩემთან და
არ დამვარცხნი თმას.


მაგრამ ეგ სულ სხვა ამბავია.

3 comments: