Saturday, December 4, 2010

more mornings merely molten, my





დილის დეპრესია კივილით - ასეთი კოქტეილი რომ არსებობდეს, აუცილებლად ბლანტი ნაცრისფერი იქნებოდა, სულ ცოტა კოშმარით სიმაგრისთვის და დარიჩინის დამცინავად მოტკბო არომატით.

დეპრესია საშინლად გაცვეთილი და სასაცილო სიტყვაა, განსაკუთრებით, როცა თმები გიბზინავს და ქუსლიანი ფეხსაცმელი სრულიად უყოყმანოდ და ოდნავი ქედმაღლობითაც კი გაცვია კვირის დღეებში.

მთავარია, ასეთ დროს ღმერთი არ გაგიწყრეს და ვინმესთან არ დაიწუწუნო. ეს ვინმე, ვინც არ უნდა იყოს, აუცილებლად მთელი თავისი არსებული და არარსებული ქარიზმატულობით მოგიყვება თავის პრობლემებზე, თან შანსს არ გაუშვებს დელიკატურად (ან არც ისე) არ შეგახსენოს შენივე უდანაშაულოდ მბზინვარე დალალების შესახებ. ამიტომაც, დილის დეპრესია კივილით ის სასმელია, კბილებგამოუხეხავზე, აბაზანის იატაკზე გართხმულმა რომ უნდა მიირთვა. მერე დაუბრუნდე შენსავე ქუსლიან ფეხსაცმელებს, სექსუალურ კოლგოტებს სრულიად უმიზეზოდ და სმოლ თოქებს, სადაც ქარიზმა მოკლებული ადამიანები თავიანთ ბოლოჭამიებზე დიდი ინტერესით საუბრობენ.

ზამთარი ტრადიციულად, თითის წვერებზე მოიძურწება და დაუმადლებლად გისხამს ფანჯრებიდან გაუზავებელ, შალის საცვლებივით უხეშ მელანქოლიას.

სტატისტიკის დეპარტამენტში არაფერი აქვთ თვეების მიხედვით ოცნბებისა და იმედების სიმცირის დისპერსიის შესახებ, თუმცა რაღაც მკარნახობს, დეკემბერი ერთმნიშვნელოვანი და ეჭვგარეშე ჩემპიონია.

და შენც იცი, რომ არაფერი, საერთოდ არაფერი არ შეიცვლება. ისევ დილაობით, სიგარეტისა და ყავის კამპანიაში თუ გააცნობიერებ თვით-ირონიით, რომ ყველაფერი გავლადია, მიუხედავად სხვისი ნაცრისფერი სახეების ჯამური რაოდენობის ცვალებადობისა და ჰორმონალური პარაბოლებისა მოღალატე ესტროგენის აშკარა უპირატესობით.

დასკვნა კი ერთია. ისინი, ვინც იმახსოვრებენ ჩვენს ყავაში შაქრის საჭიროებას და ხანდახან არც ისე შესამჩნევად ყვებიან საკუთარ პრობლემებზე, ის ადამიანები არიან, ვისაც რამე რომ იყოს, ჩვენს ბლანტ და ნაცრისფერ დილის დეპრესიას კბილებგამოუხეხავზეც კი გავასინჯებდით.

3 comments: