Wednesday, September 29, 2010

The Inbetweens.


იცი, ყველა ნამდვილი მეზღაპრე მხოლოდ ღამით წერს.

დღის შუქზე ხომ ყველაფერი ჩვეულებრივდება და უბრალოვდება, მხოლოდ საღამოობით გადავიქცევით ხოლმე ჩვენც, ყველანი, გომბეშოებიდან - მეფის ასულებად, ბოროტი დედინაცვლებიდან - კეთილ ფერიებად, სასოწარკვეთილი ბოზებიდან - გამოუსწორებელ რომანტიკოსებად.

ყოველ საღამოს, როცა ჩემს სახურავზე მოჩვენებები იწყებენ ფათურს და ფანჯრიდან კივილივით ცივი ხმები წვეთავენ, გულის ამაჩუყებლად მშვიდი ნებისყოფა მოდის და ფილტვებში მიწვება, ერთგული ძაღლივით.

ეს ის დროა, როცა სარკის წინ ვალაგებ იმედებს, შიშებს და ოცნებებს და ყველაფერი მარტივად, მძიმედ ვიცი.

ამასობაში : ქართულ ენას საერთოდ არ აქვს ფორმა - დილები, ამიტომაც დილა ყოველთვის ერთი და დამცინავია.

თვალები ქვიშით და მორიელებით მევსება, შენ კი რძესავით თეთრი და მსუყე ხარ.

დამხვდები.

No comments:

Post a Comment