Thursday, October 1, 2009

Simple Pleasures Vol.2



კარგი ადამიანები მიყვარს, ოღონდ მაინც, ცოტათი უკეთესები.

მიყვარს მოსმენა და საზოგადოდ, მოსმენის უნარიანი კარგზე ცოტათი უკეთესი ადამიანები.

თამაში მიყვარს. ყველაფრის. ყველგან.

მიყვარს ხმამაღალი ემოციები, მძაფრები, შეუკავებლად გადმომხეთქავები.

მიყვარს მწვანე ფერი და სიმწვანეში ვულგარულად ჩაღვრილი მეწამული.

მიყვარს მსუყედ ცისფერი ცა და ხის ძირას ამოსული, გვაჯი სოკოები.

მიყვარს ხელის თითები, ადამიანების მიმიკის უხმოდ ყურება და მკვახე ალუჩა.

დახატული ყვავილები მიყვარს, ნამდვილები - არა.

მიყვარს დილით, ადრე, ადრე გაღვიძება და ნედლ მზეში სენტიმენტალური პოეზიის კითხვა, ღერი სიგარეტით.

მიყვარს წყლიანი თვალები და კარამელის დუშ-გელი. ჟოლო, საღამო და ორთქლიანი ფანჯრებიც მიყვარს.

მიყვარს დამწვარი გოგირდის სუნი, ვაშლის ორბიტი და წითელი აგურები.

ალუბლებით სავსე წყლიან ჯამში მიყვარს ხელის ფათური და ამქვეყნიურ ამაოებაზე ცინიკური ნახევარ-იუმორი.

მსუყე შოკოლადის მუსი მიყვარს, და პურის დაბრაწული ყუა.

მყუდრო ფანჯრის რაფები და ლიმნიანი ჩაი - თავისთავად.

უხმარი ფუნჯების მხრებზე ხიცინი მიყვარს, რუსული რომანსები და ოფლიანი როკი.

მიყვარს ლამაზი, გულუბრყვილო ტყუილები და დემაგოგია, თავისუფალ დროს.

მიყვარს სხვისი ინტელექტით დაჩრდილული ადამიანები, ცისარტყელები და ჩაფუშული ბუშტების ჭმუჭვნა.

მიყვარს პინცეტების ხმა, მანდარინის გამხმარი ნაფცქვენები და თმაში არარსებული ჭაღარები.

სავსე აბაზანა, დაღლილობისგან დახუჭული თვალები და რკინის ნებისყოფა.

მიყვარს სექსუალური დაძაბულობები, მხოლოდ ორ-ორ ადამიანს ძალიან რომ ესმის.

მიყვარს ფორთოხლების გაფცქვნის პროცესი, მოუხარშავი ბრინჯი და მოხუცები.

მიყვარს არაუხერხული სიჩუმეები და რომანტიული უხამსობები.

დაუნახავების დანახვა მიყვარს და უთქმელი ჭეშმარიტებები.

ლამაზი ადამიანები მიყვარს, დაღლილ თვალებში არეკლილი ქვასავით სიყვარულით.

გრძნობები მიყვარს, ყველანაირები, ძლიერები და ნამდვილები.

მიყვარს დაუმსახურებლად მოსული ბედნიერებების დაფასება, უთქმელად.

ნიჭიერი ადამიანები მიყვარს, დაუმადლებლად და გულწრფელად.

სულისშემძვრელი ყოველდღიურობები და უძეგლო გმირობები.

მიყვარს ჯანსაღი იუმორი და წრელი ღიმილი, გამომდინარეობით.

უბრალო სიტყვებით ახსნილი ღვთაებრივი სინამდვილეები მიყვარს.

ჭიქა წყალივით მიყვარს უბრალოება, თვალებს რომ არ მოგჭრის.

გამთბარი კლავიშები მიყვარს, ზოლიანი საცვლები და დახუჭულ თვალებზე ცერა თითით, ნაზად მოფერება.

ფერადი სიზმრების მერე დილით გაღვიძება და ყოველდღიურობის დაფასება მიყვარს.

დაძველებულ ემოციებში ქექვა მიყვარს და წითელი ღვინის გემრიელი ყლუპი.

ჰაერი მიყვარს, სიგარეტით და ღიმილით შეზავებული, ჭუჭყიანი, მერე რა.

ყურადღება მიყვარს, უყურადღებო ადამიანებისგან.

სუნთქვა მიყვარს, ღრმად და ხმაურით.

ტუშის კალმები მიყვარს, კოლა-ლაითი და ტკბილი, ტკბილი სარკაზმი.

ცხოვრება მიყვარს, ხანდახან - უფრო.

მიყვარს ჟოლოს ნაყინი და პუანტები.

გადალახული სიძნელეები მიყვარს, და წეროები.

ხანდახან წერა მიყვარს, სიმშვიდე და ცალყბა ღიმილების არპატიება.

7 comments:

  1. sigareti mominda. mcvaneshi gulgrilad chaghvrili mecamuli sastiki marazmia.
    mainc momconxar:)

    ReplyDelete
  2. აღარ დამითვლია, რამდენ ხაზზე გავიფიქრე "მეც"... :)
    ტუშის ფერად პასტებს რაც შეეხება, მათი დახმარებით ვხატავ. შენ კი ყველაფერი ისეთი წარმომსახველობით აღწერე, კიდევ ერთხელ ვინატრე გაზაფხულის მოსვლა.
    ოღონდ მაისის, აი, ივნისში რომ გადადის და იასამნის სუნიც რომ იგრძნობა. მზესაც რომ მზის სათვალე უკეთია და მოკლემკლავებიანები ახალი ჩაცმული რომ აქვს :)
    მოკლედ, მიყვარს ეს პოსტი :)

    ReplyDelete
  3. amjerad viqnebi banaluri da davcer "mec"...

    p.s. roca raime dzalian momcons, emocias ver gamovxatav :)

    ReplyDelete
  4. ვაიმე ხალხნო, ია პალშენა : ) გმადლობთ.

    ReplyDelete