Tuesday, September 20, 2011

Save your Savior, once in a while.


ისე მარტივად და ისეთი გრაციოზულობით დალაგდება ხოლმე ყველაფერი თავის ადგილას, თითქოს და ჰაჰ, ჩერჩეტო ცხვარო, შეიძლებოდა სხვანაირად რომ ყოფილიყო?

მერე რა, თუ ერთ მშვენიერ დღესაც გავიგებთ რომ თმას სინამდვილეში საერთოდ არ გააჩნია გენეტიკური მეხსიერება.
და რომ რომანების გმირებთან საკუთარი თავის გაიგივება ისეთივე სისულელეა, როგორიც სოულმეითების ძებნა და კარგვა.

ადამიანები, რომლებსაც ჩვენსავით უადგილოდ ეცინებათ უხერხულ სიტუაციებში და მარჯვენა წარბს მარცხენაზე სულ ცოტათი მაღლა წევენ, არავინაც არ არიან გარდა ადამიანებისა, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ რატომ ჟღერს სიმშვიდე საბჭოთა მატარებლების დგ-დგ დგ-დგსავით და რატომ არის დილის მარტოობა სხვა მარტოობებზე უფრო ხელშესახები და ატმოსფერული.

ზაფხული გაიძურწა და კანმაც დაიბრუნა რძისფერი ტონი, სისხლიდანაც წვეთ-წვეთად ჩამოიწრიტა კამანჩების ზღაპრები კოიოტებზე და ოპოსუმებზე და ირმის ტყავის მოკასინები.

მალე ისევ შემოვისახლებ ობობებს გამოსაზამთრებლად და რძით და კაშმირით ვიკაიფებ საღამოობით, ისევ გავაიგივებ ჩემ თავს ბანალური რომანების გმირებთან და ისევ ორთქლიან, შიშინა სათქმელებს დავიგროვებ გემრიელ ლუკმებად.

მიჯაჭვულობები და სანამ დროა-ები კი სად წამივლენ.

კარგად იყავით გათენებულო ღამეებო და შემთხვევითო ნაცნობებო და ალკოჰოლიანო დიალოგებო
კარგად იყავით შეუხედავო ცინიკოსებო და მამიკოს ბიჭებო
კარგად იყავით არისტოკრატებო და გლეხებო და აუ ეს მაგარი გიჟია-ებო
სახლში როგორ არიან-ებო და სამსახურზე რას შვები-ებო

საერთოდ არ მომენატრებით.

2 comments:

  1. მერე რა, თუ ერთ მშვენიერ დღესაც გავიგებთ რომ თმას სინამდვილეში საერთოდ არ გააჩნია გენეტიკური მეხსიერება.
    და რომ რომანების გმირებთან საკუთარი თავის გაიგივება ისეთივე სისულელეა, როგორიც სოულმეითების ძებნა და კარგვა.

    :)

    ReplyDelete